Friday, June 17, 2011

ქართული ცეკვების სახეობები

ქართული
ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა - სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის - სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა - ქალთათვის - სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის - მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.

მთიულური


მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.

განდაგანა


განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.

დავლური

დავლური განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით, ნარნარი მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შქმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი. დავლურის ქართულ ცეკვაში გარდამავალი ელემენტები გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ისეთ ცნობილ ოპერებში როგორიცაა: მელიტონ ბალანჩივაძის ”დარეჯან ცბიერი”, დიმიტრი არაყიშვილის ”თქმულება შოთა რუსთაველზე” და სხვა.

სამაია


სამაია- ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ - ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს - მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს - სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’).

ხორუმი


ხორუმი, საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამოდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა

ხევსურული

მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება დიდ ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.

სინდი და ხონგა

ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება.

ჯეირანი


ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვის, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.

ყაზბეგური


საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.

კინტოური

კინტოური ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.

ხანჯლური

ხანჯლური ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში).

Thursday, June 16, 2011

ს უ ხ ი შ ვ ი ლ ე ბ ი


ნინო რამიშვილი დაიბადა 1910 წელს ქალაქ ბაქოში. 12 წლის ასაკიდან ხუთი წლის მანძილზე (1922-1927) სწავლობდა პერინის საბალეტო სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ მიიღეს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის კორდებალეტში, სადაც 1937 წლამდე მოღვაწეობდა. ასრულებდა სოლო საცეკვაო პარტიებს ქართულ ოპერეტებსა და რუსულსა და ევროპულ ბალეტებში.
1938 წლიდან 1940 წლამდე ნინო რამიშვილი საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტია და მეუღლესთან ილიკო სუხიშვილთან ერთად ხშირად მონაწილეობს კონცერტებში. ჯერ კიდევ 1930 წელს საკავშირო ოლიმპიადაზე პირველი პრემია მიენიჭა ორივეს, ხოლო 1939 წელს ნინო რამიშვილი საესტრადო ხელოვანთა საკავშირო პრემიის ლაურეატი ხდება.
1940 წლიდან 1941 წლამდე – სსრ კავშსირის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტია, 1941 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია.
1945 წელს ნინო რამიშვილი თავის მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად ქმნის საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და მისი წამყვანი მოცეკვავე იყო 1972 წლამდე. შემდეგ იგი ანსამბლის ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელია (1985 წლამდე ი. სუხიშვილთან და შემდეგ თ. სუხიშვილთან ერთად) მან ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.
ნინო რამიშვილის ხელოვნებისათვის დამახასიათებელია ქალური მომხიბვლელობა, სისადავე და ლაკონურობა. იგი ქალთა შორის ქართული ცეკვის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი იყო. მის მიერ შესრულებული ცეკვებია: “ჯეირანი”, “მუხამბაზი”, “მთიულური”, “სამაია” და მარავალი სხვა. მისი დადგმები გამოირჩევა გრაფიკული სიზუსტით, პლასტიკის სკულპტურული გამომხატველობით. საცეკვაო ფოლკლორის უხვად გამოყენებით.
1949 წელს მიენიჭა სტალინური პრემია, 1952 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, 1936 წელს _ სსრკ სახალხო არტისტისა, დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენით, ახალგაზრდობისა და სტუდენტების მეოთხე ფესტივალზე მიღებული აქვს ოქროს მედალი და მსოფლიო ლაურეატის წოდება. 1973 წელს ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
1981 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ნინო რამიშვილი გარდაიცვალა 2000 წლის სექტემბერში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



ილიკო სუხიშვილი დაიბადა 1907 წლის 4 აპრილს, თბილისში. თავდაპირველად სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. 1917 წლიდან განაგრძო შრომის მე–2 სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. პარალელურად მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში. 1926 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის ქართული ხალხური ცეკვების სტუდია.
1926 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული ცეკვების შემსრულებელია, ხოლო 1928 წლიდან – ამავე თეატრის ქართული ბალეტის სოლისტი. 1930 წლიდან ილიკო სუხიშვილი უკვე აღიარებული შემოქმედია.
1932 წელს ილიკო სუხიშვილი სტაჟირებაზე იმყოფებოდა მოსკოვის დიდ თეატრში, ცნობილ ბალეტმეისტერ გოლეიზოვსკისთან. იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (რუბინშტეინის “დემონი”, გლინკას “რუსლან და ლუდმილა”, პროკოფიევის ბალეტი “კუზიანი კვიცი”) და ამავე დროს მუშაობდა ბალეტმაისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად, პარალელურად სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1935 წელს დაბრუნდა სამშობლოში და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონის ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე, სადაც ფესტივალის ლაურეატის წოდება და ოქროს მედალი დაიმსახურა.
1936 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია. სხვადასხვა დროს მას დადგმული აქვს ცეკვები ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერსა” და “დაისში” (თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის “ქეთო და კოტეში” (კიევი).
1939–1941 წლებში იყო საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის წითელდროშოვანი ანსამბლის (ხელმძღვანელი ალექსანდრე ალექსანდროვი, მოსკოვი) სოლისტი და გამოდიოდა ინგლისში, ნორვეგიასა და შვეციაში. მანვე დადგა კ. კავოსის ბალეტი “კავკასიელი ტყვე” (კიევი).
ილიკო სუხიშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1945 წელს, როცა მან, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს (1950 წლიდან აკადემიური). 1954 წლამდე ილიკო სუხიშვილი იყო ამ ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე. ანსამბლმა მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა.
ილიკო სუხიშვილი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ემსახურა საქართველოს ქორეოგრაფიული ცხოვრების აღორძინების საქმეს. იგი ხიბლავდა მაყურებელს დახვეწილი პლასტიკით, სიმსუბუქითა და ტემპერამენტით. მან აღადგინა და დადგა არაერთი ხალხური ცეკვა, შთამომავლობას შეუნარჩუნა ამ ცეკვების განუმეორებული ხიბლი. მისი ღვაწლი სამამულო ქორეოგრაფიაში ფასდაუდებელია. მისი საუკეთესო დადგმებია: “ფარცა”, “ხორუმი”, “ქართული”, “ყაზბეგური”, “ხანჯლური”, “ხევსურული”, “ქაჯეთის ციხის აღება” (ვეფხისტყაოსნის მიხედვით) და მრავალი სხვა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ქართული ქორეოგრაფიული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ხელოვანმა, ანსამბლთან ერთად შემოიარა თითქმის მთელი მსოფლიო.
1949 მიენიჭა სტალინური პრემია, 1973 წელს, ახალი ქორეოგრაფიული დადგმებისა და საკონცერტო მოღვაწეობისათვის – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ლენინის, “საპატიო ნიშნის”, რუმინეთის ოქროს ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
გარადაიცვალა 1985 წლის 24 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ი ს ტ ო რ ი ა

        ქართულ ხალხურ ქორეოგრაფიას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ჩვენამდე მოღწეული არქეოლოგიური და უძველესი ლიტერატურული ძეგლებით დასტურდება, რომ ქართული ხალხური ქორეოგრაფიის ისტორიული წინამორბედი ყოფილა სამონადირეო ცეკვა, ნაყოფიერების ღმერთის - მთვარის („შუშპა“) პატივსაცემად შესრულებული რიტუალური ფერხული. უძველესი ფერხულის რიტუალურ ხასიათს ატარებს თრიალეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ვერცხლის ფიალის გამოსახულება (ძვ. წ. II ათასწლეული) — ნიღბებიან მონადირეთა ფერხული, რომელიც ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სვანური ნადირობის ღვთაების — დალისადმი უნდა იყოს მიძღვნილი. სვანეთში დღემდეა შემორჩენილი: „სამონადირეო ფერხული“, „ლემჩილი“, „ბეთქილის ფერხული“ და სხვ. დროთა განმავლობაში პირველყო „ხორუმი“.
ბაგინეთის გათხრების დროს აღმოჩენილი ძვლის ფირფიტაზე გამოსახული მოცეკვავე ქალის ფიგურა (ძვ. წ. VI ს.) მიუთითებს, რომ ნაყოფიერების ღმერთის ტაძართან იმართებოდა ქალთა რიტუალური ცეკვებიც.
მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარებას მოჰყვა ახალი ადათ-წესების ჩამოყალიბება, რომლებიც აისახა მაგიური ხასიათის რიტუალურ ცეკვებში ,,მელია-ტელეფია’’, ,,ფერხულ-ოსხეპუე’’, ,,ორსართულიანი ფერხული’’, (,,ზემყრელო’’, აბარბარე’’, მირმიქელა’’ და სხვ.). აგრარული შინაარსის მასკარადი ,,ბერიკაობა’’, ,,მფერხაობის დღე’’ და სხვ. ბუნების მწარმოებელი ძალებისა და მათთან დაკავშირებული შრომით პროცესებს ეძღვნება.
მასობრივ (მამაკაცთა და ქალთა) ცეკვებთან ერთად ძველთაგანვე არსებობდა ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული წყვილთა ცეკვები. წყვილთა ცეკვის ფორმის განვითარებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა სინთეზური თეატრალური სანახაობა ,,სახიობა’’, რომელიც წარმართობის დროის დიდი დღესასწაულების თანმხლები ელემენტი იყო. სახიობის მხატვრული განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა რომანტიკული შინაარსის განსაკუთრებული დიალოგური ფორმა, რომელიც სრულდებოდა სალექსო იმპროვიზაციით, ე. წ. ქალ-ვაჟიანით.
წმინდა საცეკვაო ელემენტების შერწყმამ ადათ-წესებისა და თამაშობების რიტუალებთან განაპირობა ისეთი ცეკვების შექმნა, როგორიცაა: „ქართული“, ”განდაგანა”, „ხორუმი“, „ფერხულ-ორსართულა“, „სამაია“, „ხანჯლური“, „მთიულური“, „მთიულური დავლური“, „ბაღდადური“ და სხვა. ეს ცეკვები თავისებური ,,აღმოჩენა’’ იყო ქართულ ქორეოგრაფიაში. დროთა განმავლობაში, შეიქმნა მრავალი საცეკვაო დასი, რომლებიც პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ ქორეოგრაფიას არა მარტო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. დიდად გაითქვეს სახელი საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლმა (მხატვრული ხელძღვანელები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა (ხელმძღვანელი გ. ბაქრაძე, ქორეოგრაფი ბ. დარახველიძე), სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ,,რუსთავმა’’ (მხატვრული ხელმძღვანელი რ. ჭოხონელიძე), სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა ,,ერისიონმა’’.